ჟენევაში, თითქმის ცხრა საათანი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებათა მაგიდა დემონსტრაციულად მაშინ დატოვეს, როცა დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. წელს ჟენევის მოლაპარაკებებზე ოფიციალური მოსკოვი განსაკუთრებით წამგებიან პოზიციაში იყო, რადგან ჟენევის 52-ე რაუნდს წინ უძღოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ოკუპანტი სახელმწიფო რვა პუნქტით გაამტყუნეს საქართველოს წინააღმდეგ ომში. თითოეული პუნქტი საქართველომ რუსეთს ამჯერად ჟენევის ფორმატში კიდევ ერთხელ შეახსენა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ რაუნდი რთული იყო და რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა ტრადიციულად კვლავ დევნილთა დაბრუნებაზე საუბრისას დატოვა.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ამბობს, რომ მოლაპარაკებებისას დიდი გარღვევები არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები გაგრძელდეს, რადგან ჟენევა არის ერთადეთი სივრცე, სადაც მხარეებს მშვიდად საუბარი შეუძლიათ. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების საკითხს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე რჩებიან, ანდრეი რუდენკო ამბობს, რომ ამ საკითხის ადრესატები ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთია და არა რუსეთი.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ განცხადებები გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმაც.
"მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში.
ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.
მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს.
ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებისა და რუსიფიკაციის გააქტიურებულ მცდელობებზე.
აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.
მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებაზე.
ვრცელი საუბარი შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) რეგულარულად და გამართულად ფუნქციონირების საჭიროებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობას.
აქტიური დისკუსია გაიმართა დღის წესრიგის მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხს და მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსება.
აქტიური აზრთა გაცვლა გაიმართა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზირების გარეშე განხილვა, რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ფუნდამენტური საკითხის პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა," - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში,
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას და სტაბილურობის გარანტად თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება მოჰყავს:
"ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასევე რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის კიდევ უფრო შემცირებას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში ანტირუსული რიტორიკა გრძელდება. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად პოლიტიზებულ რეზოლუციის წარდგენას ახდენს, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს თავისი მოსაზრების წარდგენის საშუალება არ აქვთ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.