კარდიოლოგი, პროფესორ ზურაბ ფაღავამ განაცხადებით თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა:
"ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით,"- განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.
თსსუ-ის პროფესორი მამუკა ბოკუჩავას შეფასებით, მკურნალობის ფონზე დადებითი დინამიკა აღინიშნება, შედეგად თბილისის მერი ამ ეტაპზე თავს უკეთ გრძნობს.
პროფესორის განმარტებით კახა კალაძეს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება.
"ბატონი კახის დღევანდელი სამუშაო დიაგნოზია ვესტიბულოპათია, რომელიც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით, ასევე, დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით. იგი არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას,"- განაცხადა მამუკა ბოკუჩავამ.