13 წლიანი პრაქტიკა უცვლელია - ჟენევის ფორმატის მონაწილეები ფუნდამენტურ საკითხებზე ისევ ვერ თანხმდებიან. მათ შორის, ვერც დევნილების დაბრუნების და ვერც უკანონო პატიმრების გათავისუფლების თემებზე. დიალოგის კვლავ უშედეგოდ დასრულება მორიგი პროვოკაციული გზავნილებით შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას. სტაბილურობის გარანტად კი ოფიციალური მოსკოვი ისევ - თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის - ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას ასახელებს.
ჟენევის დიალოგის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით რუსეთის მხრიდან ნატოს გაფართოების საფრთხედ აღქმა სიახლე არაა. მთავარია, რომ საქართველომ უფრო ინტენსიური გახადოს "ნატოში" ჩართულობა, რათა რუსეთს თავის აგრესიულ ქმედებებსი უკანდახევა მოუწიოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქართველო წარმატებული მხოლოდ ევროინტეგრაციის შედეგად იქნება და ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და განახორციელოს დასავლური ტიპის რეფორმები.