17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"წითელი ხაზები" კომპრომისების ნაცვლად ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში - NGO-ების კრიტიკულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში პასუხობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ძალებს აკრიტიკებენ. "სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები "წითელ ხაზებს" აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს,"- ნათქვამია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ფონზე კი მხარეები მოლაპარაკებების ჩაშლაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს,

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართვა ყურადსაღებია, რადგან მათი პოზიცია სახელმწიფოებრივია და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესს, მისი თქმით, ისინი აპირებენ არასამთავრობოების რჩევას ყური დაუგდონ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ღიად არაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორის პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით,  მისთვის გასაგებია, რადგან ამ ორგანიზაციებს აქვთ თავისი მანდატი და ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ იმ საკითხების ნაწილი, რომელიც მოყვანილია არასამთავრობოების განცხადებაში, ქართული ოცნების მხრიდან უკვე იქნა დაბლოკილი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.

"ქართულ ოცნებაში" კი განმარტავენ, რომ ისინი დიალოგის ფორმატში ყველა წინადადების განხილვას თანხმდებიან, რაც სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

"თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს არა რომელიმე პარტიის ინტერესს არამედ სახელმწიფოებრიობას ჩვენ ამ შემთხვევაში პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე, განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან არ მოდის, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებათა მაგიდასთან," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ იმ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც არასამთავრობოთა განცხადებაშია მოყვანილი, სწორედ საპარლამენტო ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს და ვინც ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს, ბოიკოტს უცხადებს ასევე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლების გადანაწილებაში არსებობს.

დღის ამბები