"ქართული ოცნების" წევრის სოზარ სუბარის თქმით, რუსეთის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობა საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას ვერ დააბრკოლებს. აღნიშნული განცხადება სოზარ სუბარმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადების პასუხად გააკეთა.
"იგივე პროცესი იყო, როდესაც ბალტიისპირეთის 3 რესპუბლიკა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხდებოდნენ ევროკავშირის წევრები და ვერ დააბრკოლა რუსეთმა ეს პროცესი და მისი მუქარა დარჩა მუქარად. ბუნებრივია ის სასტიკი წინააღმდეგია, რომ საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა გახდეს კიდევ ნატოს და ევროკავშირის წევრები, თუმცა ამის გასაღები ერთადერთი ვის ხელშიც არის ეს არის ნატო,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო კურსს განსაზღვრავს ქართველი ხალხი, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი ასახულია კონსტიტუციაშიც.
"რუსეთი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპანტი და გასაგებია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მისთვის მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ ჩვენი დღის წესრიგიდან,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ განცხადებები გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმაც. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას და სტაბილურობის გარანტად თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება მოჰყავს:
"ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ფორსირებული წესით გაწევრიანების გეგმით," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.