გამოცემაში, კრემლის გავლენის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში ბაზირებულმა ფონდმა "თავისუფალმა რუსეთმა" გამოაქვეყნა, განხილულია ვითარება იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის დამაზიანებელ გავლენას განიცდიან. მასში დეტალურად არის საუბარი ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოზე, ასევე უკრაინაზე, ბელორუსზე და საქართველოზე. ავტორი ალექსანდრა იაციკი, რომელმაც შეჯამება საქართველოზე გააკეთა, კვლევაშიც და "კურიერთან" ინტერვიუშიც ამბობს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე, საქართველოში ეროვნული თანხმობაა და რუსეთის ძალისხმევა, შეეცვალა ეს მოცემულობა, უშედეგო იყო.
"როგორც ჩემს კვლევაში აღვნიშნე, რუსეთის მთავრობის ძალისხმევამ, ქართულ საზოგადოებაში, ანტიდასავლური და პრორუსული დამოკიდებულების დანერგვაზე, კრემლისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამის ყველაზე ცხადი დემონსტრირება კი შეგვიძლია საზოგადოებრივ კვლევებში ვნახოთ, რომლებშიც გამოკითხვების მონაწილეთა უმეტესობა, მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთზე მიმხრობას ეწინააღმდეგება. ეს პოზიცია, ჩემი აზრით, საქართველოში გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ეროვნული თანხმობის არსებობაა,"- აცხადებს ალექსანდრა იაციკი.
ანგარიშში საუბარია ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და 2020 წლის არჩევნებზე. ხაზგასმულია პოლარიზებაც. ავტორი წერს, რომ ხელისუფლების და ოპონენტების მიერ ერთმანეთის რუსული ინტერესების გატარებაში დადანაშაულება, საქართველოში ჩვეულებრივი თემაა.
"კურიერთან" ინტერვიუში, იაციკი, მნიშვნელობას ანიჭებს, ევროკავშირის აქტიურ მცდელობას, მოაგვაროს პოლიტიკური უთანხმოება და განმარტავს, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
ფონდის გამოცემაში საუბარია მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული "დოსიეს" მიერ "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ გამოქვეყნებულ მასალებზე, სამხედრო მიუმხრობლობის იდეასა და ანტი-თურქულ განცხადებებზე, თუმცა ავტორი, "კურიერთან" საუბარში განმარტავს, რომ რუსეთის ჩარევის ფაქტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაინც უმნიშვნელო აღმოჩნდა. სამაგიეროდ, იაციკი ამბობს, რომ საქართველოში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიას.
"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან საშიშროების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. წინასწარგანზრახული პროპაგანდის შემთხვევები, ახალი ამბების გაშუქება - მიმართული ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გავრცელებაზე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს შესწავლილი და საჭიროების შემთხვევაში სანქციაც უნდა მოჰყვეს. იმის მიუხედავად, რომ რუსული სამსახურების ძირითადი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე ახლა უმნიშვნელოა, თუ პრობლემას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელვყოფთ, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის განცხადებები და ვნახეთ, რომ ასეთ განცხადებებს, საქართველოში, მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ. ამიტომაც, რუსეთის მთავრობის შესაძლებლობა, საზოგადოებაში გრძნობების გაღვივებაზე, სათანადოდ უნდა შევაფასოთ," - აღნიშნა ალექსანდრა იაციკმა.
ანალიტიკოსი ჰადსონის ინსტიტუტიდან, რიჩარდ უეთზი ჩვენთან საუბრობს, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, თუკი რუსეთი მეზობელი ქვეყნების დაშინებას გააგრძელებს. ამასთან, უეითზი ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობას არ ელოდება
"ეს ადმინისტრაცია პირველია, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, რომელიც არც კი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ვნახეთ, რომ ობამამ, ტრამპმა და წინა ადმინისტრაციებმა თუნდაც სცადეს ურთიერთობის გამოსწორება და საბოლოოდ ეს საკითხი მიატოვეს. ესენი არც ცდილობენ. ვფიქრობ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ცუდი იქნება და ასე გაგრძელდება, ვფიქრობ, მოსკოვში, მთავრობაში რამე ცვლილებებამდე. რუსეთის ნებისმიერი არასწორი საქციელის შემთხვევაში, ამერიკა მკაცრ პოზიციას დაიჭერს. თუ რუსეთი დააშინებს მეზობლებს, საქართველოს და უკრაინას, ვფიქრობ, მკაცრი დეკლარირებული პოზიცია იქნება და სავარაუდოდ, სანქციებსაც გამოიყენებენ," - განაცხადა რიჩარდ უეითზმა.
რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზიანზე საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ფონდ "თავისუფალი რუსეთის" წინა კვლევებშიც იყო საუბარი. ეს უკვე მესამე გამოცემაა, რომელსაც ფონდი კრემლის გავლენების შესახებ აქვეყნებს.