ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შვედი დიპლომატი ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმებას ამჯერად მეორედ შეეცდება. კრისტიან დანიელსონმა აეროპორტში მოკლე კომენტარი გააკეთა და კრიზისის დასრულებაში კომპრომისის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
"ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი და ველი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას, რათა დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი სისუსტის ნიშანი არაა, ძლიერების გამოვლინებაა, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა,"- განაცხადა დანიელსონმა. მისი თქმით, ის საქართველოში დარჩენას 3 დღის განმავლობაში გეგმავს.