17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება - ეკა გიგაური ელჩებთან შეხვედრის შესახებ

კრისტიან დანიელსონის, კარლ ჰარცელისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დასრულდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განუხილავთ.

ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონტექსტში ისაუბრეს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე, ასევე, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე. 

"ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა და, ასევე, ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და მივაწოდეთ ინფორმაცია.

ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები; ასევე, იმან, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან.

ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია თანამდებობების არჩევის როლი შეიცვალოს, სადაც ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანი იქნება, სადაც იქნებიან ნეიტრალური ფიგურები, რომლებიც კანონისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ, როდესაც მათ შორის ასეთი კრიზისები გვექნება.

ასევე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს და რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი და მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს სასამართლო და საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს მის მიმართ. ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს უახლოეს პერიოდში, რადგან ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები,"-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლები ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

დღის ამბები