17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
მმართველი პარტია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ემზადება - პროექტის ინიცირება ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე მოხდება

მმართველი პარტია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ემზადება - პროექტის ინიცირება ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით გათვალისწინებულია საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევა.

ასევე, შეიცვლება ფრაქციის შექმნის წესიც: თუ აქამდე ფრაქციის შესაქმნელად 7 დეპუტატი იყო საჭირო, ახალი რედაქციით 4 დეპუტატიც საკმარისი იქნება.

ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მეათე მოწვევის პარლამენტში კი მხოლოდ 96 მანდატია გამოყენებული: 90 "ქართული ოცნებიდან", 2 პარტია "მოქალაქეებიდან" და 4 "ევროპელი სოციალისტებიდან".

კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად დამატებით 17 ხმა არის საჭირო. თუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, პროექტი ჩავარდება.

მოწოდებების მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და როგორც თავად აცხადებენ, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.

ოპოზიციის უარისა და შესაბამისად საჭირო რაოდენობრივი მხარდაჭერის არქონის მიუხედავად მმართველი პარტია საკითხის განხილვას იწყებს. მას შემდეგ რაც ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე ინიცირდება და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პროექტის ხელმომწერების ნამდვილობას შეამოწმებს, უახლოეს სხდომაზე პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ბარიერის დაწევასთან ერთად კიდევ ერთი სიახლეა გათვალისწინებული - პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა 7-დან 4-მდე შემცირდება. კონსტიტუციის ძირითადი ნორმების თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება, საარჩევნო ბარიერი კი 5%-ით არის განსაზღვრული.

დღის ამბები