ახალი დეტალები და დაღუპული ექთნის დედის პირველი კომენტარი "კურიერში" - მეგი ბაქრაძის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, მათ შორის არ ჰქონდა გადატანილი არც კორონავირუსი. მისი ინფორმაციით, ვაქცინაციამდე ახალგაზრდა ქალმა გაურკვეველი მედიკამენტი მიიღო, რის მერეც თავის ტკივილები დაეწყო.
არის სხვა ახალი დეტალებიც, რომელიც მეგი ბაქრაძის ვაქცინაციის და ადგილზე რეანიმატოლოგის მისვლის დროს ეხება. დღეს "კურიერს" ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტმა, რომელიც მეგი ბაქრაძის აცრას ესწრებოდა, მის მიერ გადაღებული ფოტო გადასცა, რომელზეც ჩანს საათი, საათის ისარი ამ ფოტოში 12:10 საათს უჩვენებს.
ფაქტმა, რომელზეც ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი საუბრობს, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი დეტალი გააჩინა. ნინი ბერიძე ამტკიცებს, რომ აღნიშული დროიდან ექთანმა 3 წუთის შემდეგ გაიკეთა აცრა, თუმცა 29 წლის მეგი ბაქრაძის სამედიცინო იტორიაში ვაქცინაციის დრო 12:30 საათია დაფიქსირებული.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ამ ახალ გარემოებაზე საუბრობს ადვოკატიც. ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმების შემდეგ რეანიმატოლოგი ადგილზე 32 წუთის შემდეგ მივიდა. უფლებადამცველის ინფორმაციით კი, კლინიკაში ექიმი-რეანიმატოლოგის მისვლის დროდ 13: 10 საათი ფიქსირდება.
"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიითაც მტკიცდება, რომ რეანიმატოლოგი ადგილზე 13:10 საათზე მივიდა, თუმცა ამავე დოკუმენტით ვაქცინაციის დრო განსხვავებულია, მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას არ ემთხვევა და 12:30 საათია მითითებული. სამედიცინო ისტორიაში ასევე აღნიშნულია მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების დრო 20-25 წუთის შემდეგ. ამასთან, მოპოვებულ დოკუმენტაციაში მეგი ბაქრაძის ანამნეზი აჩვენებს, რომ აცრამდე იგი სრულიად ჯანმრთელი იყო.
ზუსტად რომელ საათზე მოხდა მეგი ბაქრაძის აცრა - ამასთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამედიცინო დაწესებულების რეანიმატოლოგი კი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა და კოლეგას შესაბამისი დახმარება გაუწია. გიორგი აფციაური ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და გამოძიების დასრულებას ელოდება.
"კურიერმა" მთავარი ექსკლუზიური ინტერვიუ დღეს გარდაცვლილი ექთნის დედასთან ჩაწერა. ირმა ბაქრაძემ "კურიერს" განუცხადა, რომ 27 წლის გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა დაგვიდასტურა, რომ გარკვეულ მედიკამენტს იღებდა, რომლის სახელი არც მან იცოდა.
"კურიერმა" მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდანაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ ექთანი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება და ოჯახი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნას, ჯანდაცვის სამინიტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებს და პარალელურად დაავადებათა კონტროლის ცენტრის პასუხს ელოდება. კვლევებმა უნდა აჩვენოს თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, იყო თუ არა ექიმების მხრიდან დაგვიანებული ჩარევა და ჰქონდა თუ არა 27 წლის ექთანს კორონავირუსი გადატანილი.