03 სექტემბერი 2026,   21:32
ვრცლად
როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილი პრემიერის და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის ერთ რიტორიკაში საუბარი იყოს შემთხვევითი - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მსჯავრდადებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედიით მანიპულირებს, რათა საკუთარი კორუფციული დანაშაულები გადაფაროს. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის ერთ რიტორიკაში საუბარი შემთხვევითი არ არის და ის სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ველში მიზანმიმართულ გადატანას ემსახურება.

"ეს არის სწორედ სამწუხარო მოცემულობა: ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი ლიდერი როგორ ამახვილებს ყურადღებას ისეთ მოვლენებზე, რასაც რადიკალები მანამდეც, სხვადასხვა ახალგაზრდა ადამიანის თუ მოვლენის ტრაგედიით მანიპულირების საფუძველზე შეეცადნენ, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ. ეს პოლიტიკური მოცემულობა არის გადასაფარად იმისა, თუ რა მოხდა რეალურად ამ პიროვნების გარშემო კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, თუ ასეთი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წიაღში: რა იცოდნენ, რა გარემოებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როდესაც ასე ურცხვად მანიპულირებდნენ ადამიანის ტრაგედიით.

აშკარად მოხდა პოლიტიკურ ველში გადატანა სამართლებრივი საკითხებისა. უსამშობლო ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ხომ ფაქტია. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილი პრემიერის და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის ერთ რიტორიკაში, ერთ ხმაში საუბარი იყოს შემთხვევითი," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო გამოკითხვები გრძელდება. პოლიციის მთავარ სამმართველოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს, დღის განმავლობაში კი გია ხუხაშვილსა და გიორგი გიგაურს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ.

იმ 11 პირიდან, ვისი გამოკითხვაც იგეგმება, ნაწილი აცხადებს, რომ საქმეს საერთოდ არ იცნობს და მათი განცხადებების საფუძველი მხოლოდ ღარიბაშვილის წერილი იყო. რაც შეეხებათ ნანუკა ჟორჟოლიანს, ხატია დეკანოიძესა და თაზო დათუნაშვილს - მათ ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს.

დღის ამბები