ონკოპაციენტებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, თუმცა არსებობს გარემოებები, რომლის გათვალისწინებითაც აცრა, შესაძლებელია, გადაიდოს.
არის თუ არა უსაფრთხო ონკოპაციენტების აცრა?
ონკოპაციენტების აცრა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიც არის - ვაქცინის ტიპი, კიბოს ტიპი, ასევე იტარებენ თუ არა ქიმიოთერაპიის კურსს.
მამოლოგი, ონკოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი ირაკლი კოხრეიძე "რუსთავი 2-თან" აცხადებს, რომ ონკოპაციენტები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათი აცრა უმნიშვნელოვანესია.
"ონკოლოგიური პაციენტები მიეკუთვნებიან კოვიდისგან სიკვდილობის მაღალი რისკის ჯგუფს, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია.
ვაქცინაციის გადადება რეკომენდებულია, თუ მიმდინარეობს აქტიური ქიმიოთერაპია. ასეთ დროს, ჯობია, ვაქცინაცია იყოს გადავადებული.
ასევე, თუ პაციენტს აქვს ჩატარებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ეს გართულებების რისკს ზრდის.
პაციენტები, რომლებიც ვერ გადადებენ ქიმიოთერაპიის კურსს, ასეთ დროს პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან,"- ამბობს ირაკლი კოხრეიძე.