ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა მოლაპარაკების პროცესში სიტუაციას ვერ განმუხტავს და ვერ იქნება მომგებიანი.
"არ მიმაჩნია, რომ ახლა რაიმე ფორმატის გამოგონება, ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა შეიძლება იყოს უფრო მეტად მომგებიანი და განმმუხტველი სიტუაციის, ვიდრე დღეს არის. არ მგონია, არსებობდეს ადამიანი ამქვეყნად, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინას და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, რომ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და ამ კრიზისზე და მის განმუხტვის გზებზე შეთანხმდებიან. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სერიოზული იყოს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მისი შეფასებით, კუბილიუსს ბუნებრივი შეთავაზება გაუჩნდა.
"მე მგონია, რომ ბუნებრივი განცხადებაა ჩვენი გულშემატკივრის, რომელიც ხედავს, რომ საქართველოში დიდი ხანია პროცესები გაჩერებულია ერთ ადგილას და წინ არ მიიწევს. ეს ადამიანი ამბობს, რომ თუ გასაღები არის არაფორმალურ ლიდერებში და ისინი ფლობენ სიტუაციას, მოდი, იქნებ მათ დაველაპარაკოთ. მე მგონი ეს არასწორად იქნა გაგებული "ქართულ ოცნებაში," - განაცხადა "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა - მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.