სახალხო დამცველი მოლაპარაკებებში ჩართვაზე საუბრობს - ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს მხარეებს, როგორც პარტიებს, ასევე მედიატორებს.
ომბუდსმენი თვლის, რომ უკეთესი იქნება თუ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება, რადგან დიალოგის პროცესის გარშემო ბევრი სპეკულაცია ისმის.
"მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მქონდა მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია. ველოდები, რომ უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება იმიტომ, რომ თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
პირველ რიგში, ხელისუფლება, იმიტომ, რომ ამ საკითხების რეალიზება და განხორციელება ხელისუფლების ვალდებულებას ისედაც წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება ძალიან ლეგიტიმური უფლებები, რომ ვიცოდეთ ვინ იყო ეს მხარე და ვინ იყვნენ ეს პოლიტიკური მხარეები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.