"ქართული ოცნების" წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრობის დროს გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა იმაში, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.
ნიკოლოზ სამხარაძე "დღის კურიერში" ამბობს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო 3 დღის შემდეგ გიორგი გახარიას განცხადება გადადგომის შესახებ.
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ, იმ დღესაც ვთქვი, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ ყველას, რომ იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.