17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძე შეხვედრაზე შეთანხმებაზე ორიენტირებული სულისკვეთებით მივა, რაც ქვეყნის ინტერესის პარტიულზე მაღლა დაყენებას გულისხმობს - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი პარტია ხელისუფლებასთან დიალოგში შეთანხმებაზე ორიენტირებული სულისკვეთებით არის ჩართული. 

მისი თქმით, ეს სულისკვეთება ნიშნავს იმას, რომ პარტიამ ქვეყნის ინტერესი პარტიულზე მაღლა დააყენოს.  

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მარტივი, ჩვენ ვინარჩუნებდით შეთანხმებაზე ორიენტირებულ სულისკვეთებას და დარწმუნებული ვარ, ბადრი ჯაფარიძე ამ სულისკვეთებით მივა ამ შეხვედრაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანმხება მოხდეს.

შეთანხმებაზე ორიენტირებული სულისკვეთება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიული ინტერესი არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე წინ, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყანამ არსებობა უნდა გააგრძელოს, ეს პოლიტიკური სპექტრი ხვალ რომ საერთოდ აღარ არსებობდეს პოლიტიკაში,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

"დღის კურიერის" კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ევროპელ დეპუტატებს, რომ ოპოზიციამ საქმიანობა პარლამენტში უნდა გააგრძელოს, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ეს იქნება დემოკრატიული და არა ავტოკრატიული ქვეყნის პარლამენტი. 

"დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ ძალიან კონკრეტული, მთელი რიგი მიმართულებით გაწერილი გეგმა გვაქვს როგორც ინდივიდუალურად "ლელოს" დეპუტაციას, ასევე მთლიანად პარტიას, რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ ქვეყანას ჩვენი საპარლამენტო მანდატების გამოყენებით. მაგრამ, ახლა მსჯელობა მიდის იმაზე, საქართველო დემოკრატიულის სახელმწიფო უნდა იყოს და დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტარები უნდა ვიყოთ, თუ ავტოკრატიული. თუ მეტყვიან, რომ ავტოკრატიული ქვეყნისკენ გვინდა გადახრაო, პარლამენტში ბუტაფორიის როლს ვერ შევასრულებ ნამდვილად,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ​ანა ნაცვლიშვილმა "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკებების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. 

 

დღის ამბები