"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.
ადვოკატი აღნიშნულს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ნიკა მელიასთვის მიუღებელია.
"დღეს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებულ იქნა წერილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 000 ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც - საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან,"-აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.