"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მედიატორმა მიიღო გადაწყვეტილება, წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.
"ჩვენ დავინახეთ გუშინ, რომ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან მმართველი გუნდის და ოპოზიციის პოზიციები და სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მედიატორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გავითვალისწინოთ მედიატორის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი ხედვა, თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ ამ შეთანხმებას მოვიაზრებთ როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ცხადია, ვერ დავთანხმდებით ვერანაირ პირობებს, რომელიც განამტკიცებს ქვეყანაში ერთპარტიულ, ერთპიროვნულ, არაფორმალურ მმართველობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანაბრად ყველა პუნქტი შეთანხმების და მედიატორის მიერ წარმოდგენილი ხედვა, შესაბამისად, ყველა იმ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის დაფიქსირებული მიშელის გეგმაში.
მინდა, ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეუძლია რომ ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა. მე ამას ვისურვებდი, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მნიშვნელოვანი იქნება, რა იქნება მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილი,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.