"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ვრცელ მიმართვას უგზავნის. შალვა ნათელაშვილი ჯორჯ კენტს სენატში ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადებების გამო სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და განმარტავს, რომ არასწორია "ქართული ოცნების" პროდასავლური კურსის მიმდევრებად გამოცხადება, ნიკა მელიას კანონდამრღვევად მოხსენიება და არჩევნების სამართლიანად შეფასება. ნათელაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორს ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მოწოდებისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდა.
ოპოზიციის ნაწილმა კოლეგის ამ გზავნილების შეფასებისგან თავი შეიკავა, ნაწილმა მას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ფორმა დაუწუნა და სიფრთხილისკენ მოუწოდა, ნაწილი კი ნათელაშვილს გარკვეულ საკითხებში დაეთანხმა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ნათელაშვილი მსგავს განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით აკეთებს.
დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში - სწორედ ამ საკითხზე გამართულ მოსმენაზე გაკეთდა განცხადებები ვაშინგტონში, რომელმაც შალვა ნათელაშვილის კრიტიკა გამოიწვია. სხდომა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში 23 მარტს გაიმართა.