"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ იყენებს საქართველოს პრეზიდენტი მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას, რათა პოლიტპატიმრები, ამ შემთხვევაში საუბარია გიორგი რურუაზე, გაათავისუფლოს.
სალომე სამადაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული ინსტრუმენტის გამოყენებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებულ საკითხთა შორის ერთი საკითხი ამოწუროს.
"რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, რომელიც უკვე მრავალი თვეა ქმნის ძალიან სერიოზულ განხეთქილებას იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობის არშესრულება გახდა, მათ შორის, იმის მიზეზი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ და ვერ დაუჭირა მხარი მაშინ ოპოზიციამ, წინა მოწვევის პარლამენტს ვგულისხმობ.
ჩემთვის ცოტათი გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, იმიტომ, რომ მას კონსტიტუციაც ავალდებულებს, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, მისი კონსტიტუციური ფუნქცია, მათ შორის არის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ასეთ მძიმე კრიზისულ ვითარებაში გამოსავლის მოძებნას.
ჩვენ მისგან გვესმის განცხადებები, რომ ის მოუწოდებს მხარეებს შეთანხმებისა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ და ამავე დროს ვერ ვხედავთ, რომ მას აქვს სურვილი გამოიყენოს კონკრეტული ინსტრუმენტი მაგალითად შეწყალების სახით, რომელიც მის ხელშია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი რურუას შეწყალების თაობაზე მრავალმა ათასმა ადამიანმა მიმართა მას შესაბამისი ხელმოწერებით გამყარებული თხოვნით და მათ შორის ძალიან ბევრმა დაფასებულმა და საპატივცემულო წევრმა ჩვენი საზოგადოების.
ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია ამ შემთხვევაში, რომ მას ხელში აქვს კონსტიტუციური მექანიზმი, რომ ხელი შეუწყოს ამ ძალიან რთულ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვართ შესული და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის სერიოზული გამოწვევა, თუ რატომ არ სურს მას გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი, რომ ერთი საკითხი მაინც დაიხუროს და ამოიწუროს ამ მოლაპარაკებების მაგიდაზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.