საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავზებულ დოკუმენტს ხელი ოპოზიციამ არ მოაწერა.
გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შვედი დიპლომატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების შესახებ პუნქტი არ ყოფილა მოცემული, რაც მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას რაც გუშინ ვაჩვენეთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენებთ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ამ შეთანხმებას ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ბატონი დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც ამ დოკუმენტშიც არის საუბარი.
ცალსახად მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტში რაიმე პირობა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო მოცემული, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და ეთანხმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და იზიარებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.