პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გუშინ, მედიატორის თანდასწრებით, ოპოზიციას ნიკა მელიასთან დაკავშირებით კომპრომისული და კონსტრუქციული წინადადება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს პატიმრობა ასცდებოდა და პოლიტიკურ საქმინობას გააგრძელებდა, თუმცა, თალაკვაძის თქმით, ოპოზიციისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ წარვუდგინეთ დანიელსონს ჩვენი არგუმენტაცია და ის ფაქტობრივი ინფორმაცია, რაც აქვს მართლმსაჯულების სისტემას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია მერე გახდა პარტიის თავმჯდომარე და მანამდე ორჯერ ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, დაარღვია კანონი და პასუხისგებაში იყო მიცემული, ჩვენ პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ შეთანხმების მნიშვნელობას. ამიტომ, ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც გვქონდა კომპრომისული და კონსტრუქციული წინადადება შეთავაზებული, სადაც მათ ვუთხარით, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მზად ვიყავით 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში გვემსჯელა პოლიტიკურ ამნისტიაზე. ამით ნიკა მელია აცდებოდა პატიმრობას, თუმცა ოპოზიციისთვის შეთანხმებისთვის საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე, არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში ნიკა მელიას გათავისუფლება არ შედის.