პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მიმართულებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახი კალაძე იქნება.
"კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არა ერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული ერთად. კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. მე გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და ჩვენი გუნდი ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც იყოს შესრულებული მაქსიმალურად, რის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევდა.
მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური პარტია უკვე იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავერთვებით აქტიურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზეც. უშუალოდ კახისთანაც გვექნება კონსულტაციები თბილისში ჩვენს მომავალ გუნდთან დაკავშირებით. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან რა თქმა უნდა ექნება სწორედ კახი კალაძეს,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
აქვე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი ჩვეულ სამუშაო პირობებს მალე დაუბრუნდება.