19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
საქართველოში ვაქცინების რაოდენობა და სამიზნე ჯგუფები იზრდება - იმუნიზაციის პროცესში პოლიცია და ჯარი ჩაერთვება

ვაქცინაციის ფანჯარა ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი ჯგუფებისთვის გაიხსნება. იმუნიზაციის პროცესში დიალეზზე მყოფი 3500-მდე პირი და ორგანოგადანერგილი ადამიანები ჩაერთვებიან. ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევ დაიწია ასაკობრივმა ზღვარმა და ორშაბათიდან აცრის გაკეთებას 55 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. იმისთვის, რომ პრეპარატის დანაკარგი ნაკლები იყოს სათადარიგო სიები შეიქმნება და ვაქცინაციის პროცესში პოლიცია და ჯარი ჩაერთვება. 

პირველივე დღეს Pfizer-ით 678 ადამიანი აიცრა. პრეპარატის არცერთი დოზის დანაკარგი არ ყოფილა. გასულ 24 საათში AstraZeneca-თი 373. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-თან და მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა უნდა მოხდეს ქვეყანაში, თუმცა პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან ტექნიკური საკითხები უნდა დაზუსტდეს. 

იმ კლინიკებში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, ამბობენ, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მოთხოვნა მაღალია როგორც Pfizer-ზე, ისე AstraZeneca-ზე.

15 მარტიდან დღემდე დაახლოებით 6 800 ადამიანია აცრილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტემპებით საქართველოს შემუშავებული გეგმის შესრულება გაუჭირდება. 

მომავალი კვირიდან საქართველოში იზრდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაციის პროცესი განხორციელდება. პარალელურად დაზუსტდება იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვება.

დღის ამბები