"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს, გუშინ ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რუსულ კავშირებში არიან შემჩნეულები.
მისივე განცხადებით, ეს არ იყო მარტო პარტიული პროტესტი, ეს იყო "რუსულ-"ნაცმოძრაობის" პროტესტი".
"პოზნერის ვიზიტს, გუშინ აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და რომლებიც შემჩნეულები არიან ღია, თუ ფარულ კავშირებში რუსეთთან. ეს იყო მაგალითად, ნინო ბურჯანაძე მთელი თავისი ოჯახით, შალვა ნათელაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან "ნაცმოძრაობის" ოფისში, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მძიმე განცხადებები გაკეთებული, ვიდრე პოზნერს. ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები გუშინ "აპროტესტებდნენ" რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში. ეს არ იყო მარტო პარტიული პროტესტი, ეს იყო რუსულ-"ნაცმოძრაობის" პროტესტი.
რაც შეეხება ვიზიტის შეფასებას, აქ ამოსავალი წერტილი იყო ოკუპაციის კანონი. მე შეგახსნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თანხმობით 2016 წელს, საქართველოს 6 დუმის დეპუტატი ესტუმრა, საიდანაც 3-ს პირდაპირ დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის კანონი, მათ შორის იყო სლუცკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დუმის დეპუტატია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.