ჩაშლილი მედიაციის შემდეგ მხარეები ისევ მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრობენ, თუმცა დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგივე პირობებში ოპონენტებთან საუბარი დროის ხარჯვაა. ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მათი განცხადებით, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების რესურსი, ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ვინც კი საწინააღმდეგოს ფიქრობს, ის ძალიან ცდება.
"ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს ამ პროცესს და პირიქით, აზიანებს ჩემი აზრით იმ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ შეთანხმება იქნეს მიღწეული. ჩვენ ვნახეთ, რომ არის პუნქტები, რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული, ითქვა, რომ სამი პუნქტი ასეთი არის იმ 5 პუნქტიდან, არის რესურსი, რომ იმ ორ პუნქტზეც მოხდეს პოზიციების დაახლოება, ამიტომ, პრემიერ-მინისტრი არ უნდა უშლიდეს ხელს შეთანხმების შესაძლებლობას,“ - ამბობს ლევან იოსელიანი.
პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დასავლელი მეგობრების ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება.
"ღარიბაშვილს უნდა თუ არ უნდა, მას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა, თუ ჩვენი მეგობრები ამ ძალისხმევას არ გააჩერებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, "ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებისთვის არ არის მოწადინებული და საზოგადოებაში კარგად ჩანს, ვინ არის მოლაპარაკებების მომხრე და ვინ მისი ჩამშლელი.
"ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩი.” იაგო ხვიჩიას თქმით, მათი მმართველ პარტიასთან საკუთარი გეგმების შესახებ სურთ საუბარი.
"დავრწმუნდით, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა შეთანხმება და აქ არაფერი არ გამოვა. "ქართულ ოცნებასთან" გვინდა კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გეგმების შესახებ ვუთხრათ, თუ რას ვაპირებთ, რომ არ გამოჩნდეს სიურპრიზად,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან კრიზისის გადაჭრის სურვილი არ იკვეთება.