17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობაში - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც ევროპელმა პარტნიორებმა კონკრეტული პირობები დადეს, ამ შემთხვევაში უმრავლესობა მზად იქნება ხელახლა ჩაერთოს დიალოგში. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი თავად ოპოზიციამ ჩაშალა. 

"პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობაში. ჩვენ საქმეზე გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი და იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც არა ჩვენ, არამედ კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა ძალიან მცირე რამდენიმე შენიშვნის თანხლებით, თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირობებზე, მაშინ ჩვენ მზად ვართ ხელახლა ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებებში, სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები ცდილობენ ქვეყანას საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ და ხელოვნური კრიზისი შექმნან. 

"5 თვე გავიდა უკვე არჩევნების შემდეგ და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ ამ ქვეყანას, შექმნან ხელოვნური კრიზისი, რომელიც დამტკიცდა მათ შორის იმით რომ რიგ გარეშე არჩევნები საერთოდ არ აისახა იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინა მედიატორმა. ეს ნაწილი დახურულია ევროპისთვის, ამერიკისთვისაც და ჩვენთვისაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ ხელოვნური კრიზისია, ეს გაშიშვლდა იმ საღამოს, როდესაც ოპოზიციამ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა და ის დოკუმენტი დაიწუნა და კოჭლი დოკუმენტი უწოდა. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს, რაც გვაქვს,“ - ამბობს  შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები