17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ღიას ვტოვებთ პარლამენტის კარს ოპოზიციისთვის, თუ აქვთ ინტერესი ბარიერი შემცირდეს 2024 წლის არჩევნებისთვის - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა გრძელდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე მცირდება.

ასევე, 2024 წელს ან იქამდე ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას მხოლოდ 96 ასრულებს.

როგორც დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება გამოიჩინა და აღნიშნული კანონპროექტი დააინიცირა. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პარლამენტის კარი ღიაა და მათ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

"საკონსტიტუციო ცვლილებას ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმი. შესაბამისად, 113 ადამიანის გარეშე ამ ცვლილების მიღება შეუძლებელია. ჩვენი მხრიდან ამ ინიციატივის დარეგისტრირება გახლავთ დემონსტრირება იმ პასუხისმგებლობის და პოლიტიკური ნების, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც. შესაბამისად, ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ღიას ვტოვებთ პარლამენტის კარს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის. თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ბარიერი შემცირდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს შესაძლებლობა შექმნილია," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თავის მხრივ ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს სრულფასოვანი რეფორმა, ამისთვის კი საჭიროა მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს. 

"ჩვენ ზუსტად ამიტომ გვინდა მოლაპარაკება/შეთანხმება, რომ სრულმასშტაბიანი რეფორმა განხორციელდეს და არა რაღაც წერტილოვანი. კოჭლი კანონის განხილვაში რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებთ. სტრატეგია აღმაშენებელი არ შევა პარლამენტში, სანამ არ იქნება შეთანხმება ძირეულ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო საკითხებზე," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები