17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა პუტინის პროპაგანდისტული მანქანის მთავარ ინსტრუმენტს - სალომე სამადაშვილი

პროტესტის გამო ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები უკან, რუსეთში დაბრუნდნენ.

რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში 87-ე დაბადების დღის მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროტესტის გამო მას ქვეყნის დაგეგმილზე ადრე დატოვება მოუწია.

საქართველოდან წასვლამდე კი პოზნერი და მისი სტუმრები კორონავირუსის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ჩარტერული რეისის აფრენას აქტივისტები აეროპორტთან ელოდებოდნენ.

ხმაურიანი პროტესტი კი თავდაპირველად სასტუმრო "ვინოტელთან" დაიწყო, რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე ათეული პირის ტრანსპორტირება სასტუმროდან აეროპორტამდე სამართალდამცველების თანხლებით მოხდა. ავტობუსში ჩასხდომამდე მათ უსაფრთხოებისთვის პოლიციის სპეციალურ კორდონში გავლა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა ავტობუსს კვერცხები დაუშინეს.

განვითარებულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში, ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არსებობს იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აზიანებენ საქართველოს ინტერესებს და ამ ადამიანებმა უნდ იცოდნენ რომ ისინი სასურველი სტუმრები არ არიან.

"ამ პოლიტიკას დღევანდელი ხელისუფლება არ ატარებს და საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა ბატონ პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორს, არამედ პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პროტესტი აუცილებლად მიაჩნია, თუმცა ზოგიერთი ფორმა მიუღებელია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის:

"კვერცხების სროლა არ მომწონს, მაგრამ ზოგადად პროტესტი მგონია სწორი," - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

დღის ამბები