17 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ოპოზიციაში სახალხო დამცველის ანგარიშს ეთანხმებიან, მმართველი გუნდი კი ომბუდსმენს არაობიექტურობაში ადანაშაულებს 

ოპოზიციის შეფასებით, სახალხო დამცველმა საკუთარ ანგარიშში სწორი აქცენტები დასვა. პოლიტიკურ პარტიებში ყურადღებას გახმაურებულ საქმეებზე ამახვილებენ, რომელზეც დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოძიება არაეფექტურად და მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ომბუდსმენს ეთანხმებიან იმ ნაწილშიც, რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები სასამართლო სისტემაში, მართლმსაჯულებაში, ძალოვან უწყებებში და იმაში, რომ 2020 წლის არჩევნები უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა. ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებით, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და სისტემური პრობლემები არსებობს. 

"ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა ის პოლიტიკური ტენდენცია, რომელსაც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა მთელი რიგი მიმართულებები,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

მმართველი გუნდისთვის კი, სახალხო დამცველი რიგ საკითხებში არაობიექტური და არათანმიმდევრულია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ იმას, რომ ნინო ლომჯარიასთან მათ მნიშვნელოვანი კითხვები და შენიშვნები ექნებათ. 

"რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, სახალხო დამცველი, რიგ შემთხვევებში ვერ გამოირჩევა ობიექტურობის სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება საშუალება, როდესაც სახალხო დამცველი ამ ანგარიშს პარლამენტში წარმოადგენს, დეტალურად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რაზეც წუხილს გამოთქვამს. ამასთან, გვექნება შენიშვნები და კითხვები, მის მიერ არათანმიმდევრულ პოზიციებთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ჯანდაცვის სისტემა, პენიტენციურ დაწესებულებაში დარღვევები და პატიმრების მდგომაროება, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.

ნინო ლომჯარიამ ჟურნალსიტებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით შესწავლილი საკითხები გააცნო, დოკუმენტში მოხვდა ქვეყანაში ბავშვთა უფლებების მდგომარეობაც.

დღის ამბები