ახალციხის ქალაქ ვალეში, ქალს სავარაუდოდ, გაზის ქურა აუფეთქდა. შემთხვევა დღეს დილის 06:30 საათზე მოხდა.
დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 48 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი.
"დამწვარი აქვს თავი, ორივე მტევანი, წინა მხარე. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი," - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
გაზ-კომპანია "სოკარის" პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის აალება მოხდა, შემთხვევის ადგილს კი სპეციალისტები შეამოწმებენ.
"დილით, როცა ქალბატონმა გაზი აანთო, დაგროვილი აირი აალდა. როგორც ვიცი, ხელებზე აქვს დაზიანება მიღებული, ამ ეტაპზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა," - განაცხადა ნინო დიასამიძემ.
ავტორი: მაია იველაშვილი