ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ვლადიმირ პოზნერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ სკანდალის მასშტაბი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სცდება.
მისი თქმით, წვეულებაზე ბევრი გავლენიანი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ისრაელისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან.
"რაც უნდა ეთქვა პოზნერს საქართველოზე, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონოდა მას წლების წინ, მსგავსი დევნა და დარბევები აბსოლუტურად დაუშვებელია. აქ იბადება კითხვა - ვის სჭირდება ეს, ვისთვისაა მომგებიანი, სჭირდება თუ არა ეს საქართველოს, ქართველ ხალხს - რა თქმა უნდა, არა. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სტუმრების დაცვა ხულიგნებისგან და საკუთარი თავისთვის პოლიტიკური განაჩენი გამოაქვს?!
მე ვფიქრობ, ვიღაც დაჟინებით ცდილობს ქვეყანა ქაოსსა და არასტაბილურ სიტუაციაში ჩააგდოს. ვლადიმერ პოზნერს თბილსიში მიპატიჟებული ჰყავდა ბევრი მდიდარი, გავლენიანი და რესპექტაბელური ებრაელი, რომელიც არამარტო რუსეთის, არამედ ისრაელისა და საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან. ეს სკანდალი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ფარგლებს სცილდება,"-აცხადებს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ 50-მდე პირთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოფრინდა.
მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით მოუწია. მოთხოვნა ერთი იყო - ოკუპანტი რეჟიმის მომხრეებს საქართველო დაეტოვებინათ.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრებმა შეძლეს და რუსი ჟურნალისტის "ვინოტელში" ყოფნის დროს სასტუმროს დროებით ელექტოენერგიაც შეუწყვიტეს. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.