საქართველოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა როგორც მის წინამორბედ გოჩა ლორთქიფანიძეს, ასევე თეა წულუკიანსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისა და იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროში განახორციელა.
იუსტიციის მინისტრმა ის 3 ძირითადი მიმართულება გააჟღერა, რომლის გათვალისწინებითაც სამინისტროს ექნება, ეს არის ადამიანის უფლებების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობაზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურეობის ეფექტიანად გაწევა.
რატი ბრეგაძემ ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.
"პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატული ნდობისათვის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე მაქსიმალურად შევეცდები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ეს გამოხატული ძალიან დიდი ნდობა გავამართლო.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ბუნებრივია, ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან დიდი პატივია, თუმცა ამავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, ძირითადი მიმართულება გვექნება 3: ეს არის ადამიანის უფლებების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობაზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურეობის ეფექტიანად გაწევა.
ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთობლივი მუშაობით, ღიაობითა და თანამშრომლობით შევეცდებით, რომ შევიტანოთ ღირებული წვლილი იმ დიდი გეგმების განხორციელებაში, რომელიც დღეს აქვს საქართველოს მთავრობას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.