1 აპრილი ბოროტი ხუმრობების გარდა ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღეცაა, ახლა ეს ყველამ იცის. გუშინდელი დღე კი ხუმრობა ნამდვილად არ ყოფილა, ჟურნალისტს 87-ე იუბილის დავიწყება გაუჭირდება, რადგან მას,მეგობრებთან ერთად თბილისის დატოვება პროტესტის ფონზე მოუხდა, ჩამოფრენიდან სულ რამდენიმე საათში.
”ოერტეს” ცნობილი ჟურნალისტის დაბადების დღე პოლიტიკური გადაძახილების თემად იქცა მოსკოვსა და თბილისს შორის, როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტი იუბილეზე პირველად არ ჩამოფრენილა, თუმცა კოვიდ რეგულაციების დროს დარღვეული კომენდანტის საათი და ამ დროს რუსი სტუმრებისთვის გაშლილი საპატიო სუფრა, მოქალაქეების ნაწილისთვის, განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. იმ ფონზე, როდესაც ეს პრივილეგია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის შეურაცხმყოფელი ფრაზის ავტორსა და პუტინის პოლიტიკის გამტარ ფიგურებს ერგოთ.
ამის გამო, გუშინდელი აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს, პასუხი კი დილით მიიღეს, პრემიერისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსი სტუმრები ქვეყანაში კოვიდპასპორტებით შემოვიდნენ, მთავრობის მეთაურმა აქცენტი პოზნერის ამერიკულ მოქალაქეობაზეც გააკეთა. კანონთან შეუსაბამოდ მან მხოლოდ კომენდანტის საათის დარღვევა შეაფასა და მომხდარის უკან კვლავ ოპონენტები დაინახა.
ქვეყნის ღირსების დაცვის ფორმებზე ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის, მაგალითად ”გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის” პროტესტის პათოსსა და მიზეზს ბოლომდე იზიარებს, თუმცა კვერცხის სროლას ნაკლებად. მეორე გირჩში კი გუშინდელ ფაქტში ორმაგი სტანდარტები დაინახეს.