17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - "ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის რეაქციას ეხმიანება, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფრაზას ახსენებს და აქვე, ელენე ხოშტარიას რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტად და "უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტად" მოიხსენიებს. 

"გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ სჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.

ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი - ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო,
 - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები