ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მწუხარებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის წინადადებას არ დათანხმდნენ და ამბობენ, რომ ეს გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
დეპუტატებმა დღეს შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელთან საქართველოში, კრისტიან დანიელსონთან და ერთობლივი განცხადებაც ამის შემდეგ გაავრცელეს :
"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარეს - როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას ეკისრება.
ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მივესალმებით იმ შეთავაზების გამოქვეყნებას, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა -ეს კიდევ უფრო გაზრდის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა. ამ დოკუმენტის შინაარსი კარგი საწყისი წერტილია საქართველოს წინსვლისთვის - ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტში პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა.
პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმიანობასთან ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის - შემდგომი თანხების შეჩერება და პირობითობის ზრდისა, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან.
ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების დამტკიცება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულ იმპლემენტაციას. ეს რეფორმები ნდობის აღდგენის გასაღებია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს რეალურად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან აიცილოს როგორც მომავალი არჩევნების და სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა, ასევე, არ მოხდეს მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის დახურვა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს საფრთხე ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ :
დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.