მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოში წარუმატებლად დასრულებული პოლიტიკურ მოლაპარაკებების გამო იმედგაცრუებულია, მმართველ პარტიაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე სანქციების გამოყენებას არ ელიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი შეთანხმებაზე თანახმა იყვნენ და დიალოგის უშედეგოდ დასრულებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
"როგორც არასდროს ისეთი მყარია ურთიერთობა ჩვენსა და დასავლეთს შორის. ეს პირველ რიგში გამოიხატება იმ ვალდებულებების პირნათლად შესრულებით, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს როგორც ქვეყანას და რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საბოლოო ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, თუ რამენაირად ამან შეიძლება იმოქმედოს, რა თქმა უნდა, ის რაც ხდება ძალიან ადარდებს ჩვენს დასავლელ პარტნიორს, პირველ რიგში დროის კუთხით, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს მათ აწუხებთ და დავუბრუნდეთ იმ რეალურ გამოწვევებზე ბრძოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა და მთლიანად რეგიონი დგას. ვიპოვით გამოსავალს, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, ზუსტად იმიტომ ვიყავით თანახმა, რომ საბოლოო შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა შეთანხმება რომ შედგეს აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა," - აცხადებს ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს მოლოდინი აქვს რომ ევროპარლამენტარების პოზიცია გადაიხედება მას შემდეგ, რაც ევროპელ პარტნიორებს დაარწმუნებენ, რომ მმართველი პარტია დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად იყო.
"ჩვენ ველით რომ ეს პოზიცია გადაიხედება მას შემდეგ რაც ჩვენგან დარწმუნდებიან რომ იყო მზაობა ჩვენი მხრიდან დოკუმენტის ხელის მოწერის და ამის შემდეგ დაველოდებით ოპოზიციას ისინი მოაწერენ თუ არა ხელს დანიელსონის დოკუმენტს. მე არ ველი, რომ ევროკავშირი შეუჩერებს დაფინანსებას საქართველოს," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.