17 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები, ეს უნდა უთხრან "ოცნებას" დასავლელმა მეგობრებმა გასაგებად და დამთავრდება ეს გაჯიქება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

შეუწყვეტს ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას? - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს. რამდენად არის მოვლენების ასე განვითარების შანსი და ვინ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, კომენტარები პოლიტიკურ სპექტრში კეთდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლების არაკონსტრუქციული განცხადებებისა, ისინი დიალოგისთვის კვლავ მზად არიან:

"მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე, სადაც 5 პუნქტიდან ოპოზიცია დაეთანხმა 3 პუნქტს და მზაობა გამოხატა ბოლო 2 პუნქტის შესათანხმებლად. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება, რომელმაც ამ მოლაპარაკებას უშინაარსო და უპერსპექტივო უწოდა და ეს არის უკვე მერამდენე თავდასხმა ამ ფორმატზე. მიუხედავად "ოცნების" მცდელობისა, რომ ეს პროცესი არ მივიდეს, ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ დოკუმენტის შეჯერება," - აცხადებს"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს გამოსავლად დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიდგომების ცვლილება მიაჩნია. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, დასავლელმა მეგობრებმა "ქართულ ოცნებას" მკაფიოდ უნდა უთხრან, რომ დასავლური ტიპის ქვეყნებში მსგავსი კრიზისიდან გამოსვლის გზად ხელახალი არჩევნები ითვლება:

"გამოსავალი არის ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან მიდგომების ცვლილება. თუნდაც ამ ტექსტში იკითხებოდა, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, სინამდვილეში შარლ მიშელის დატოვებულ 5 პუნქტს თუ ნახავთ, იქ საუბარია მართლმსაჯულებაზე, არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემებზე, ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებაზე, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ დევნილებზე, ამაზე ოპოზიცია ვერ იქნება პასუხისმგებელი, ამაზე პასუხისმგებელია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მე-9 წელია არის ხელისუფლებაში. ეს უნდა უთხრან, რომ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი არის გასასწორებელი და მათ შორის იმის გამო, რომ ამდენი პრობლემების გამო ქვეყანა მივიდა ასეთი მასშტაბის პოლიტიკურ კრიზისამდე, აქედან გამოსავალი ჩვენთან, თუ გინდათ, რომ ჩვენნაირი ქვეყანა იყოთ არის ხელახალი არჩევნები, ეს უნდა უთხრან გასაგებად, როგორც კი ამას ეტყვიან დამთავრდება ეს ბუტიაობა, ჭიდაობა, თუ გაჯიქება "ქართული ოცნების" მხრიდან, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.

დღის ამბები