"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ დასავლეთში საქართველოს მიმართ იმედგაცრუება ღრმავდება და ამაში ის "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალს ხედავს.
"ჩემი აზრით, საქართველოს მიმართ ღრმავდება იმედგაცრუება დასავლეთში, როგორც შეუმდგარი პროექტის მიმართ. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ დაპირისპირებული ძალები საქართველოში - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", თავიანთი სატელიტებით. შეიძლება ეს იყოს დღეების ამბავი, შეიძლება ახლა წყდება საქართველოს დასავლური მომავლის ბედი და ახლა წყდება, წავალთ რუსეთისკენ თუ არა საბოლოო ჯამში, უბრალოდ ამის მიხვედრა და გაგება არ გვინდა, იმიტომ, რომ ბოღმით არის დაბრმავებული პოლიტიკური კლასი და მგონია, რომ საშიშია ქვეყნისთვის დაბოღმილი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს როგორც რუსეთის აგენტებს, ისე უყურებენ, გინდა ერთი, გინდა მეორე მხრიდან და მგონია რომ ასეთი პოლიტიკური კლასი არის გადასაშენებელი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.