17 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების შესახებ ერთ-ერთი ხელმომწერი ვიოლა ფონ კრამონი "რუსთავი 2-თან" აცხადებს,  რომ იმედი აქვს, მხარეები  საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ. 

"ვისურვებდი, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო, რადგან ჩვენ ამ პროცესში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. კრისტიან დანიელსონი ნამდვილად ძალიან ბევრს ეცადა. ამიტომ, ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის.

თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ. კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე აუცილებლად მიაღწევს, რასაც მოითხოვდა. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავიანთი ამომრჩევლების გამო. სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა.

დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა პარტიებს შორის პოლიტიკური ნება შეთანხმების მისაღწევად. მათი ეს პოზიცია გარკვეულწილად ბუნდოვანია, ეს კი რაიმეს მიღწევას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა იქნეს მიღებული.

ქართველი ხალხის გამო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ ნება შეთანხმების მიღწევისთვის. ჩვენ საქართველოს საკმაოდ დიდ თანხას ვაძლევთ, რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი მაშინ, როცა ქვეყანა არ განვითარდება და რეფორმები არ გატარდება.

ცხადია, დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მარცხის შემდეგ კი ეს საკითხი რეალურია.

ევროკავშირს ებადება კითხვა, არის თუ არა გაერთიანება მზად, მისცეს მეტი თანხა ქვეყანას, სადაც არაა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის," - აცხადებს "რუსთავი 2-თან" ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები