17 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ? - დათო ოქიტაშვილი

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის თავმჯდომარე, "ღამის კურიერის" ეთერში რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველო არ უყვარს, მისთვის მიუღებელია, თუმცა, მისივე თქმით, ფორმა, რომლითაც ახალგაზრდებმა თბილისში პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს, იყო ცუდი.

დათო ოქიტაშვილი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ნადეჟდა მიხალკოვას და რეზო გიგინეიშვილის ქორწილს იხსენებს, რომელიც 2011 წელს სიღნაღში, ბოდბეს მონასტერში გაიმართა.

"ფორმა უნდა იყოს შემუშავებული და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, არ უყვარს აფხაზეთი, არ უყვარს ოსეთი, არ უყვარს იმ ბიჭების საფლავები, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ, ჩემთვის ასეთი ადამიანები არიან მიუღებელი. მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება, მაგრამ ვეთანხმები აქ ჩემს მეგობრებს იმიტომ, რომ ფორმა იყო ცუდი.

2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?

რთულია წარსულზე საუბარი იმიტომ, რომ იძახიან, რომ წარსულზე ნუ საუბრობ, მაგრამ თუ წარსულზე არ ისაუბრე, მომავალზე ვერ ისაუბრებ. აი ეს არის რაც თქვენ ბრძანეთ - ორმაგი სტანდარტები.

ჩემთვის სობჩაკიც მიუღებელია და მიხალკოვი არის ადამიანი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ზის პუტინთან და სვამს ჩაის," - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

დღის ამბები