დაახლოებით ორ საათში ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები ისევ შეიკრიბებიან. კონკრეტულად რა საკითხზე იქნება მსჯელობა ლიდერები ჯერ არ ამბობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ზოგადად, სამომავლო გეგმები უნდა დასახონ. ოპოზიციის წევრები შეხვედრის დაწყების წინ ამბობენ, რომ მთავარი რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, ეს სავარაუდოდ 15 მაისს დაგეგმილი აქციაა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლელა ქებურია ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი აქციებისთვის გაფართოებულ ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.
"დღეს ოპოზიცია განიხილავს იმ ორ მთავარ საკითხს, რომელიც გეგმაც თავიდანვე ჰქონდა ოპოზიციას. ეს არის ერთი საგარეო წნეხის გაძლიერება ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, რომელსაც დიპლომატიური ენა არ ესმის, მაგრამ ოპოზიცია განსხვავებით ხელისუფლებისგან გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს წნეხი უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ფართომასშტაბიანი აქციებისთვის," - განაცხადა ლელა ქებურიამ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციის ამოცანებზე საუბრობს, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად ვადამდელი არჩევნები განიხილება.
"ოპოზიციას გვაქვს ორი ამოცანა - ერთი, როგორმე მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ მეორე ამოცანა გვაქვს ამ უგუნური ხელისუფლების პირობებში არ გავაკეთოთ ისეთი პროცესი, რომელიც უფრო მეტი პროვოცირების შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მტერს. ანუ, ერთი მხრივ დემოკრატიული ამოცანა, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ არ მოვაწყოთ ისეთი რყევები, რომელიც დააზიანებს საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.