15 მაისის საპროტესტო აქციის სამზადისი და ტურნე რეგიონებში - ოპოზიციის სახეები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად იწყებენ. ამ და სხვა სამომავლო გეგმებზე მსჯელობა უკვე ერთი საათია ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარეობს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ლიდერები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, კრისტიან დანიელსონთან გამართული ბოლო უშედეგო შეხვედრაა. ოპოზიცურ პარტიებს, რომლებიც ამ ფორმატში ჩართული არ არიან, დიალოგის მონაწილეები დეტალებს გააცნობენ და კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რატომ არ შედგა შეთანხმება.
"განხილვა იქნება მათ შორის იმ მოლაპარაკებების, რომელიც ჩაშალა ქართულმა ოცნებამ და იმ პოლიტიკური კრიზისის, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების განწყობის და იმ განცხადების, რომელიც გუშინ წინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, აქციისთვის მზადება," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მსჯელობა შეეხება, ვინ რა ფორმით ჩაერთვება აქციის მოსამზადებელ სამუშაოებში.
"ძირითადი თემები რა თქმა უნდა, არის მოსამზადებელი სამუშაოები, ვინ როგორ, რანაირად, რა ფორმით ჩავერთვებით 15 მაისის ორგანიზებაში და პარალელურად, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ოცნების მიზეზით ჩავარდნილ მოლაპარაკებებზე," - აცხადებს გიგი უგულავა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის მხრიდან ძალის დემონსტრირებისა და ხელისუფლებაზე წნეხის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩვენი გეგმა უცვლელია, ყველაზე მთავარი რაც დღესდღეობით, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას და ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. კარგია დიალოგი, კარგია მოლაპარაკებები, მაგრამ ხედავთ ამ ხელისუფლებასთან საჭიროა ძალის დემონსტრირება და ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და მე პირადად დავაყენებ დღეს და დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობები აქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც, ეს არის ძალის დემონსტრირება," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.