ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაზე ზეწოლისა და წნეხის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. ზეწოლის გასაძლიერებლად ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, შეიმუშავებენ წერილს, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნიან და სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
მათი თქმით, სანქციები კონკრეტული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ქვეყნისკენ.
"კონკრეტული გეგმები შევიმუშავეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო სერიოზული ალარმიზაცია მოხდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომელთა წნეხის გარეშე ბუნებრივია შეუძლებელი იქნება რაიმე შეთანხმების მიღწევა. იმიტომ რომ ვხედავთ ივანიშვილს ჯერჯერობით, არ აქვს მზაობა შეთანხმებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამით არ დაზიანდეს ქვეყანა, მათ შორის სანქციების ნაწილში და ეს იყოს ტარგეტირებული ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ," - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, წერილს ხელს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტარები მოაწერენ.
"იქნება საერთო წერილი ოპოზიციის წარგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც პერსონალურ სანქციებზე იქნება საუბარი და სიახლე ამ წერილში იქნება ის რომ არჩეული პარლამენტარები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ამ პარლამენტს არა ლეგიტიმურობის გამო, ხელს მოაწერენ ამ დოკუმენტს პარტიების ლიდერებთან ერთად," - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.