ლეიბორისტული პარტიის ოფისში, 15 მაისის აქციას, ოპოზიცია თითქმის 2 საათის განმავლობაში გეგმავდა. შეიქმნა 15 მაისის შტაბი, რომელიც შეკრებისთვის ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს. ხელისუფლების ოპონენტების გათვლით, აქციები მმართველ გუნდზე წნეხს გააძლიერებს, ამიტომ საკუთარ მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე მისვლას მოუწოდებენ, თუმცა, იქამდე ლიდერები რეგიონებში გასვლასა და ამომრჩეველთან შეხვედრებს აპირებენ.
ოპოზიციამ გადაწყვიტა წნეხი ხელისუფლებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითაც გააძლიეროს. პარტიები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე წერილს სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნიან, მოთხოვნა ერთია - სანქციები მხოლოდ "ქართული ოცნების" კონკრეტულ ლიდერებისთვის.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრას ჩაშლილი მოლაპარაკებაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ზურა ჯაფარიძემ თანამოაზრეებს კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული დიალოგის დეტალები გააცნო - ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რის გამოც შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგა.
ვიდრე ოპოზიციის ლიდერები აქციებს აორგანიზებენ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას.