უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ოპოზიციამ შექმნა ე.წ. 15 მაისის შტაბი და მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მმართველი გუნდის ოპონენტები მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობას კვლავ "ქართულ ოცნებას" აკისრებენ და ამტკიცებენ, რომ თუ ისინი კომპრომისზე წამოვლენ, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.
"პერსპექტივა დამოკიდებულია ხელისუფლების მზაობასთან, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებისა, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ იმ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაშია, ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, რომ აქვს ათასჯერ მეტი პასუხიმგებლობა,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია მოსახლეობას აქტიურად ხვდება რეგიონებშიც და მათი მიზანი მხარდამჭერების 10%-ის მობილიზებაა ფართომასშტაბიან აქციაზე, რომლის გამართვაც 15 მაისს იგეგმება.
"თუ 15 მაისამდე ხელისუფლება არ მოეგება გონს, იმ 1 მილიონი ამომრჩევლიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, მინიმუმ, 10% დავარწმუნოთ და წამოვიყვანოთ თბილისში. ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი, რადგან, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ ესმის დიპლომატიის ენა და მას სჭირდება თავების დათვლა,"-აცხადებს მანჯგალაძე.