8 აპრილს საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ჩაინიშნა - ამ ეტაპზე უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. სავარაუდოდ, იქნება შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, დიდი ალბათობით, აღნიშნულ პროცესზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.
"ჩვენ მოვისმენთ, თუ რა პოლიტიკურ დაკვეთას მიიღებს მორიგ ჯერზე სასამართლო. არავის ილუზია არ აქვს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებას გადაწყვეტენ სასამართლოში. მისი დაკავება იყო პოლიტიკური აქტი და შესაბამისად, იქნება პოლიტიკური აქტი," - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილს იმედი აქვს, რომ მელია გათავისუფლდება. მათი თქმით, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, ვინაიდან ის პოლიტპატიმარია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, მიიღო "ქართულმა ოცნებამ".
მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ ამჯერად "ხელისუფლება გონს არ მოეგება" და ნიკა მელიას არ გაათავისუფლებს, წნეხი მის გასათავისუფლებლად მხოლოდ გაიზრდება და საბოლოო ჯამში, მათ მაინც მოუწევთ მელიას გათავისუფლება. ოპოზიციაში, ასევე, აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს მოლაპარაკებების პროცესზე დადებითად აისახება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება - ეს მიუღებელია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ორგანოებმა უნდა მიიღონ.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცნობა, მინიმუმ, უმადური საქმეა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებით სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.