შვედი დიპლომატის მედიაციით მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი მმართველ ძალასთან დიალოგის ინდივიდუალურ რეჟიმში გადადის. ამისთვის თითქმის სრულად მზად არიან "გირჩში".
2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი დღის წესრიგში ისევ დგას კითხვა: ვინ ჩაშალა მოლაპარაკება, ვის არ სურდა შეთანხმება და ვისთვის არ აღმოჩნდა ევროპელი მედიატორის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულყოფილი.
ორივე პოლიტიკური ძალის ბრალეულობაზე საუბრობს ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც ამბობს, რომ შვედმა დიპლომატმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო დოკუმენტი, რომელშიც მხარეებიდან კომპრომისულ ვერსიებზე მსჯელობისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდა, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
თითქმის ნახევარი წელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვერ ხერხდება. ახლა ყველა დიალოგის განახლებას ელოდება, თუმცა უცნობია, როდის შეძლებენ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ერთი მაგიდის გარშემო კიდევ ერთხელ დასხდნენ. ამ დრომდე არც ისაა ცნობილი, ვინ გაუწევს მედიაციას პოლიტიკურ პროცესს.