17 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს ცდის - ანალიტიკოსი პიტერ ზალმაევი დონბასში არსებულ კონფლიქტზე

დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნას, რომელსაც ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, საერთაშორისო ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოს პიტერ ზალმაევის განცხადებით, ეს რუსეთის მხრიდან მკაფიო გზავნილია როგორც უკრაინისადმი, ასევე შეერთებული შტატებისადმი

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს ცდის. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სამხედრო მობილიზაციას უკრაინის საზღვარზე უბრალოდ სამხედრო წვრთნებს უწოდებს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არაა. ეს არის მკაფიო გზავნილი, როგორც უკრაინისადმი, ისე შეერთებული შტატებისადმი. ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებს ცდის. მოსკოვი ამ გზით ცდილობს ორივე მხარის პროვოცირება გამოიწვიოს. ევროკავშირის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი არ აპირებს მოლაპარაკებებს რუსეთთან უკრაინის სუვერენიტეტზე, ამიტომ აუცილებელია პუტინი 2-ჯერ დაფიქრდეს, სანამ ფართო მასშტაბურ შეტევაზე გადავა,"- აღნიშნავს ანალიტიკოსი პიტერ ზალმაევი

უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისიც ეხმაურება. ის უკრაინას აშშ-ის სახელით მხარდაჭერას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უცხადებს. 

ნედ პრაისი განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთი დიდი ხანია აგრძელებს დაშინების პოლიტიკას თავისი მეზობლების მიმართ.

"მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის რუსეთის ქმედების მოტივი. ჩემი საქმეა ვისაუბრო თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების მთავრობა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ვითარების ესკალაციით. ასევე სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო უკრაინის საზღვარზე.

რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს. მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს მოვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება. ჩვენ გავაჟღერეთ უკრაინელი პარტნიორებისადმი მხარდამჭერი გზავნილები და ეს მესიჯი მკაფიო იყო რუსეთისთვისაც, რომ ჩვენ უკრაინის გვერდზე ვდგავართ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. რუსეთი დიდი ხანია აგრძელებს დაშინების პოლიტიკას თავისი მეზობლების მიმართ,"- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. 

უკრაინაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. დონბასში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო 24 საათში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. უკრაინულმა მხარემ ეუთოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

დღის ამბები