17 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
ოპოზიციისთვის IRI-ის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, "ქართულ ოცნებაში" კი თვლიან, რომ კვლევა ოპოზიციისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების რაუნდებისა და მედიაციის ჩაშლის შემდეგ, IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოქალაქეების დამოკიდებულებას ასახავს.

ოპოზიციისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, მათი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვა სურს, თუმცა ამბობენ, რომ მათ ბოიკოტს ობიექტური მიზეზები აქვს. 

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვას, რომელიც კვლევის ფარგლებში დაისვა, აქ მოწინააღმდეგე და მომხრეებს თანაბარი პროცენტები აქვთ განაწილებული და ის 45%-ს შეადგენს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საზოგადოებრივი აზრის რეალური შედეგები აინტერესებთ, ამისათვის საჭიროა პლებისციტის ჩატარება. ნაწილი კი ამბობს, რომ თუ ახლა ჩატარდება გამოკითხვა, მაშინ ის ოპოზიციის სასარგებლო შედეგს დადებს.

"ცხადია, საზოგადოებას უნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი აზრი საგრძნობლად გაყოფილია და ჩვენს ამომრჩეველთა ფაქტობრივად ნახევარს სურს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენი წინადადებაა, ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

მმართველ გუნდში კრიზისის განმუხტვაზე საუბრობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამის სურვილი მათ ოპონენტებს არ აქვთ. მათივე აზრით, IRI-ის კვლევა ოპოზიციისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. 

"ეს კვლევა ნათლად გვიჩვენებს, რომ ამომრჩეველს არანაირი სურვილი არ გააჩნია რაიმე სახის რიგგარეშე არჩევნებისა და ბოიკოტი მათთვის მიუღებელია. ამას დიდი კვლევა არ სჭირდება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დოკუმენტის მიხედვით, ბოიკოტსა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ იმუშაოს პარლამენტში, გამოკითხულთა 60% არ ეთანხმება.

 

დღის ამბები